top of page

ქართული ალპინიზმის ახალი ერა

ნოემბრის ბოლოს საფრანგეთის სამთო-სათხილამურო კურორტი შამონი ცოტათი იმაზე უფრო ქართული გახდა, ვიდრე აქამდე ოდესმე ყოფილა. პატარა ქალაქ შამონი მონ ბლანში თავი მოიყარეს საქართველოს მთის გიდების ასოციაციის წევრებმა, მთასთან ახლო ურთიერთობაში მყოფმა სხვა ჩვენებურებმაც და, რა თქმა უნდა, მთის გამყოლებმა დანარჩენი მსოფლიოდან. ფეისბუქის აქეთ მხარესაც კი იგრძნობოდა რაღაც დიდი ამბის მოლოდინი, რომელზეც რამდენიმე წლის წინ მე თავად დავწერე ცისფერ მთებზე და რატომღაც მიმავიწყდა.

„Რა გეგმებით ხართ?” - მიუწერა მთამსვლელმა, ფილოსოფოსმა და უბრალოდ კარგმა ადამიანმა ლევან ღამბაშიძემ გოგიტა ჩართოლანის და ჩვენი სხვა ბიჭების ერთობლივ ფოტოს ფეისბუქზე.


„უკან IFMGA პინებით დაბრუნების!” - უპასუხა საბა სამადალაშვილმა, GMGA გიდმა.


32 წლიანი შრომის, ჯაფის, ლიტრობით ოფლის ღვრის შედეგად, საქართველომ მიიღო ის, რასაც აუცილებლად იმსახურებდა, გახდა მთის გიდების საერთაშორისო ოჯახის უკვე ოფიციალური წევრი და ამით ქართული ალპინიზმისთვის ახალი ერა დაიწყო.


ახლა დეტალურად აგიხსნით რატომაა ეს დიდი ამბავი და Რას ნიშნავს იყო საერთაშორისო ფედერაციის წევრი:

1. საქართველოს სამთო-საგამყოლო პროფესიული და საგანმანათლებლო სტანდარტები, ინსტიტუციური განვითარების დონე და ორგანიზაციული შესაძლებლობები აკმაყოფლებს საერთაშორისო კრიტერიუმებს; 2. საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის ინდუსტრიამ მიიღო ხარისხის ნიშანი; 3. სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის სამთო გამყოლის სადიპლომო პროგრამამ მიიღო საერთაშორისო აღიარება; 4. საქართველომ მიიღო ხმის უფლება მსოფლიოში სამთო-საგამყოლო საქმიანობის პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში. ეს ეხება პროფესიული საქმიანობის და უსაფრთხოების სტანდარტებს, განათლებას, მობილობას ქვეყნებს შორის და ა.შ. 5. სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის დიპლომირებული 30 სამთო გამყოლმა მიიღო საერთაშორისო სამთო გამყოლის სტატუსი;

ამ აღიარების შედეგად, საქართელოს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა შეძლებს მიიღოს სტუდენტები უცხო ქვეყნებიდან; სერტიფიცირებული ქართველი სამთო გამყოლები შეძლებენ საკუთარი პროფილით იმუშაონ IFMGA წევრ 25 ქვეყანაში; ქართულმა მხარემ და სამთო გამყოლთა საერთაშორისო ფედერაციამ გააფორმეს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ექსპერტები სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის მუშაობაში ჩაერთვებიან; ფრანგული მხარის დახმარებით სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა დაიწყებს ახალი მიმართულებების განვითარებას, მათ შორის პარაგლაიდინგის.


ესაა არასრული ჩამონათვალი იმ სიკეთეების, რასაც საქართველო მსოფლიო ფედერაციაში გაწევრიანების შემდეგ მიიღებს.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ წარმატების კიდევ ერთი მთავარი მიზეზი, საქართველოს მთის გიდების ასოციაციის, საქართველოს მთის კურორტების კომპანიისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტი, „მთის ტურიზმის ინიციატივა”, რომელმაც განსაზღვრა ძირეული პრიორიტეტები სკოლისა და გიდების საქმიანობაში: Პროფესიული განათლების მდგრადი პლატფორმა სათავგადასავლო ტურიზმის გიდებისთვის, მთის გიდების ასოციაციის საქმიანობის განვრცობა და ახალი სფეროების მოცვა, ახალი წევრების ჩართვა, მთის ტურიზმში ჩართული გიდების საქმიანობის რეგულირება. Დოკუმენტში დასახული სტრატეგიის ზედმიწევნით ზუსტად შესრულებამ მყისიერად გამოიღო შედეგი, 2018 წელს საქართველო გახდა საერთაშორისო ფედერაციის წევრი-კანდიდატი, წელს კი უკვე ნამდვილი წევრი.


„როგორც იქნა დადგა ეს ნანატრი დღე, შამონიში გავხდით ისტორიის თანამონაწილეები, ყველამ ერთად, ოცდახუთმა ქვეყანამ ხმა მოგვცა და გიდების საერთაშორისო ასოციაციის 200 წლის იუბილეზე საქართველო ამ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა. დაფასდა 32 წლიანი შრომა, მივულოცავ ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც უზარმაზარი შრომა ჩადეს იმაში, რომ დღეს ჩვენ აქ ვყოფილიყავით, ყველას ვუსურვებ ასეთ სიხარულს და იმ გზის გავლას, რაც ჩვენ გავიარეთ!" - გოგიტა ჩართოლანი, სამთო გამყოლი

ჩემი მხრიდან შეგახსენებთ, რომ საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა და მთის ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული განვითარებადი დარგია ჩვენს ქვეყანაში. Მთის გამყოლები არიან თანამედროვე სუპერგმირები, მათ ის შეუძლიათ რაც სხვა ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის მიუღწევადია. ისინი ყველაზე ლამაზ პეიზაჟებს ხედავენ დედამიწის ზურგზე და მათი ფოტოებიც ყველაზე მაგრებია. Ამიტომ იქნებ გეფიქრათ და #გახდიგამყოლი.

12 views0 comments

Comments


bottom of page