სტრატეგიული განვითარების გეგმა
ა(ა)იპ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის 2026–2032 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა წარმოადგენს კოლეჯის გრძელვადიან ინსტიტუციურ ჩარჩო დოკუმენტს/პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს სკოლის პრიორიტეტებს, სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებს ორგანიზაციის განვითარებისთვის. დოკუმენტი დაფუძნებულია არსებული მდგომარეობის დეტალურ ანალიზზე და ასახავს იმ მიმართულებებს, რომლებიც აუცილებელია კოლეჯის განათლების ხარისხის, რესურსების მართვის, ორგანიზაციული კულტურისა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გაძლიერებისთვის.
სტრატეგიული განვითარების გეგმა შემუშავდა სკოლის დირექტორის 2025 წლის 19 ნოემბრის №04/81 ბრძანების “ა(ა)იპ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის მისიის, ხედვის, ღირებულებების, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავების, დამტკიცებისა და მათში ცვლილებების შეტანის, სამოქმედო გეგმის მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ” შესაბამისად, დირექტორის 2025 წლის 19 ნოემბრის №04/82 ბრძანების “მისიის, ხედვის, ღირებულებების, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელი კომისიის დამტკიცების შესახებ” საფუძველზე დამტკიცებული კომისიის მიერ, რომელმაც განახორციელა არსებული სიტუაციის, შიდა და გარე ფაქტორების და მათი ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება. SWOT-ანალიზის შედეგად გადახედილ და განახლებულ იქნა კოლეჯის მისია, ხედვა და ღირებულებები, რომლებიც შემდგომ დაედო საფუძვლად სტრატეგიული მიზნების განსაზღვრას.
სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობის პროცესი იყო გამჭვირვალე და თანამონაწილეობითი:
§ დოკუმენტის პროექტები ეტაპობრივად გავრცელდა კოლეჯის ოფიციალურ ელექტრონულ არხების/ელ. ფოსტის მეშვეობით;
§ დაინტერესებულ მხარეებს მიეცათ 7 კალენდარული დღის ვადა რეკომენდაციებისა და შენიშვნების წარსადგენად;
§ ჩატარდა საჯარო განხილვა Zoom პლატფორმის მეშვეობით;
§ მიღებული კომენტარები ინტეგრირებულია საბოლოო რედაქციაში.
საბოლოოდ, სტრატეგიული განვითარების გეგმის დასრულებული და განახლებული ვერსია მიეწოდა დირექტორს დასამტკიცებლად.
სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავების პროცესმა უზრუნველყო თანამშრომელთა, პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა, კურსდამთავრებულთა და პარტნიორთა ჩართულობა. დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობამ შექმნა გაზიარებული პასუხისმგებლობისა და მხარდაჭერის მკაფიო შეგრძნება, რაც წარმოადგენს გეგმის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას.
