top of page
t913898_a_mountain_guide_managing_risks_on_a_map_white_backgr_54a4d929-3016-4683-b183-6a4b

შესავალი საგამყოლო საქმეში

შესავალი საგამყოლო საქმეში

გამყოლის პროფესიული კრედო:

„მე არ მივიჩნევ თავს განსაკუთრებულად. მე ვფიქრობ, რომ სხვებზე მეტი პასუხისმგებლობა მაქვს. ადამიანები ჩემგან ელიან, რომ მათთვის რაღაც გავაკეთო, ელიან, რომ მქონდეს მათთვის პასუხები“ – თუფაქ შაკური

study2.png
სათავგადასავლო ტურიზმი და საგამყოლო მომსახურება

სათავგადასავლო ტურიზმი წარმოადგენს გლობალურ ინდუსტრიას, რომლის მნიშვნელობაც თანდათანობით იზრდება. განურჩევლად კომერციული, არაკომერციული თუ საქველმოქმედო მიზნებისა, სათავგადასავლო ტურიზმი შეიცავს თანმდევ რისკებსა და გამოწვევებს. რისკების გაწევას მოაქვს წარმატებები, თუმცა მას თან ახლავს საფრთხეებიც.

 

იმისათვის, რომ მოხდეს თავგადასავლის დადებითი მხარეების მაქსიმალიზაცია, სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულები ხშირად მიმართავენ პროფესიონალი სათავგადასავლო გამყოლების მომსახურებას.

 

თანამედროვე ტურისტი და მისი მოთხოვნები

თანამედროვე სათავგადასავლო ტურისტი ძალიან კარგად არის მომზადებული თავგადასავლებისათვის. როგორც წესი, ისინი თავად არიან ნებისყოფიანი, ფიზიკურად ძლიერი, ტექნიკურად მომზადებული, სიღრმისეული ცოდნით და კარგი უნარებით აღჭურვილი ინდივიდები. ისინი უფროდაუფრო მეტ მოთხოვნებს აყენებენ გამყოლის კვალიფიკაციასთან მიმართებაში. შესაბამისად, ნებისმიერი თქვენგანი, ვინც ახლა დგამს სათავგადასავლო საგამყოლო პროფესიების დაუფლების გზის პირველ ნაბიჯებს, თავიდანვე უკიდურესი სერიოზულობით უნდა მოეკიდოს არჩეულ პროფესიას და გააცნობიეროს, რომ მას განსჯიან ძალიან მაღალი სტანდარტებით.

 

საგამყოლო საქმიანობის სტანდარტები

გამყოლის პროფესიონალიზმს განაპირობებს მრავალი ფაქტორი. ბევრ ქვეყანაში და ბევრ მიმართულებაზე ეს ფაქტორები თავმოყრილია სტანდარტებში. უმეტეს შემთხვევაში ეს სტანდარტები სავალდებულოა და რეგულირებულია ეროვნული, ინდუსტრიის ან სხვადასხვა ტერიტორიული ერთეულების მიერ (დაცული ტერიტორიები, პარკები, ა.შ.). ამავდროულად, არსებობს უნარ-ჩვევების საბაზისო კრებული, რომელიც მიჩნეულია სათავგადასავლო გამყოლის პერსონალური კომპეტენციების მინიმალურ მოთხოვნებად.

კურსის გავლის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ
  • რა მოლოდინები აქვთ სათავგადასავლო ტურიზმის მომხმარებლებს გამყოლისგან (რისთვის ქირაობენ გამყოლს)

  • ვინ არის სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერი და რა პერსონალური მახასიათებლები და კომპეტენციები აყალიბებს საბაზისო სტანდარტს

კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ
  • დააკვირდეთ და შეაფასოთ თქვენი პიროვნული მახასიათებლები პროფესიონალი სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერის სტანდარტის ჭრილში

  • დააკვირდეთ და შეაფასოთ თქვენი პროფესიული კომპეტენციების სასტარტო დონე და შესაბამისად უკეთ დაგეგმოთ პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯები - ფიზიკური, ტექნიკური უნარ-ჩვევები, განავითაროთ სტანდარტების შესაბამისი მიდგომები.

სწავლის შედეგების თემატიკა - შინაარსი:

თემატიკა 2.1: საბაზისო მახასიათებლები, კომპეტენციები და სტანდარტები

საკითხი 2.1.1. სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერი

საკითხი 2.1.2. ტერმინები და განმარტებები

 

თემატიკა 2.2: რისთვის ქირაობენ სათავგადასავლო გამყოლს

საკითხი 2.2.1. უსაფრთხოების უზრუნველყოფა

საკითხი 2.2.2. კომფორტის უზრუნველყოფა

საკითხი 2.2.3. მიზნის მიღწევაში დახმარება

საკითხი 2.2.4. ახლის სწავლა და შემეცნება

საკითხი 2.2.5. კომპანიონობა

 

თემატიკა 2.3: სათვგადასავლო ტურის ლიდერი - პერსონალის კომპეტენციები

საკითხი 2.3.1. გამყოლის, როგორც ლიდერის როლი

საკითხი 2.3.2. გამყოლის მიმართ არსებული მოლოდინები

  • შესაბამისობა

  • ჯგუფების ხელმძღვანელობა

  • ტექნიკური შესაძლებლობები

  • რისკების მართვა

  • ინციდენტებსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება

  • პროფესიული და ეთიკური ქცევები

საკითხი 2.3.3. სასურველი კომპეტენციები.

  • ზოგადი ინფორმაცია

  • ცოდნა

  • უნარ-ჩვევები

  • დამოკიდებულებები და თვისებები

საკითხი 2.3.4. კომპეტენციის შენარჩუნება და გაუმჯობესება

  • მიმდინარე პროფესიული განვითარება

  • კომპეტენციის შენარჩუნება

 

თემატიკა 2.4: სათავგადასავლო ტურის ლიდერი - პიროვნული მახასიათებლები (ტრანსფერული უნარები)

საკითხი 2.4.1. კომუნიკაციური (მშობლიური და უცხო ენა) უნარი

საკითხი 2.4.2. შემეცნებითი (ანალიზი, სინთეზი, პრობლემის გადაჭრა) უნარი

საკითხი 2.4.3. საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი

საკითხი 2.4.4. ჯგუფური მუშაობის უნარი

საკითხი 2.4.5. კონკრეტულ გარემოსა და სიტუაციასთან ადაპტირების უნარი

საკითხი 2.4.6. ტექნოლოგიური მოწყობილობების მართვისა და გამოყენების უნარი

საკითხი 2.4.7. დროითი და მატერიალური რესურსების, ინფორმაციის ადეკვატური გამოყენების უნარი

თემატიკა 2.1:
საბაზისო მახასიათებლები, კომპეტენციები და სტანდარტები

გამყოლის პროფესიული კრედო:

დასახული მიზნის მიღწევა რისკის მისაღები დონით, მაქსიმალური კომფორტით და კმაყოფილი სტუმრის სახლში დაბრუნება.

t913898_rock_climbing_rafting_skiing_canyoning_and_mountain_b_7e64c28f-512d-4121-bc25-f09a
ამ თავში გამოყენებულია ტერმინები, რომლებიც მიღებულია როგორც სათავგადასავლო ტურიზმის პროფესიულ წრეებში, ისე პროფესიულ განათლებასა და საერთაშორისო მარეგულირებელ თუ სარეკომენდაციო ნორმატივებში.
საკითხი 2.1.2. ტერმინები და განმარტებები
 
  • კომპეტენცია: მოსალოდნელი შედეგების მიღწევისათვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენების შესაძლებლობა.

  • მოსალოდნელი შედეგები: გაწეული მომსახურებისას შესრულებული აქტივობების შედეგები (მოსალოდნელი შედეგები შესაძლოა შეეხებოდეს საქმიანობას, კომპეტენციას ან კომპეტენციათა კომპლექტს)

  • სათავგადასავლო ტურისტული აქტივობა: ტურისტული მიზნების მქონე სათავგადასავლო აქტივობა, რომელიც მოიცავს ინსტრუქტაჟის ან ლიდერობის დონესა და რისკის მიზანმიმართულად აღიარებულ ელემენტს (რისკის აღიარებული ელემენტი გულისხმობს იმას, რომ მონაწილეს გააჩნია აქტივობასთან დაკავშირებული რისკის მინიმალური გაგება).

  • კომპეტენტური პირი: ადამიანი, რომელსაც აქვს კონკრეტული ფუნქციების შესრულების კომპეტენცია (ან კომპეტენციათა კომპლექტი)

  • სათვგადასავლო ტურის ლიდერი (სათავგადასავლო ტურის გამყოლი): საბაზისო კომპეტენციების და მისი კონკრეტული პროფილური მიმართულების კომპეტენციების მატარებელი პირი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ადამიანებზე და შეუძლია გაუძღვეს და ზედამხედველობა გაუწიოს მისთვის განკუთვნილ აქტივობას.

  • მონაწილე: პირი, რომელიც მონაწილეობს სათავგადასავლო ტურისტულ აქტივობაში (2.3), მაგრამ არ არის სათავგადასავლო ტურის ლიდერი. მონაწილეს შეიძლება ეწოდოს ,,კლიენტი”, ,,მომხმარებელი”, “სტუმარი“ ან მსგავსი სახელი. სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის და სამთო გამყოლთა ასოციაციის პრაქტიკაში მიღებულია ტერმინი “სტუმარი”, რაც ჩვენი შეხედულებით უკეთ განსაზღვრავს თუ რა დამოკიდებულება უნდა გააჩნდეს პროფესიონალ გამყოლს მის მიმართ. კერძოდ, “სტუმარი” ცდება კომერციული და სამომხმარებლო განზომილების ფარგლებს და უკეთ გამოხატავს პროფესიონალი სერტიფიცირებულ გამყოლის დამოკიდებულებას.

  • გაუთვალისწინებელი გარემოებისას მისაღები ზომები: პრევენციული ან მაკორექტირებელი ქმედება, რომელიც უნდა განხორციელდეს შემთხვევაზე ან საჭიროებაზე რეაგირებისას, რათა მოხდეს გადახვევა შეთანხმებული სამოქმედო გეგმიდან. 

  • საგანგებო ვითარება: სერიოზული სიტუაცია, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ ქმედებას.

  • პირველადი დახმარება: საგანგებო ვითარებისას განსახორციელებელი პროცედურები, რომლის მიზანია სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნება, სანამ სარწმუნო გახდება, რომ დაჭრილი ან უგონოდ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი ადამიანის მდგომარეობა აღარ გაუარესდება უფრო კვალიფიციური დახმარების მიღებამდე.

თემატიკა 2.2: რისთვის ქირაობენ სათავგადასავლო გამყოლს

საკითხი 2.2.1. უსაფრთხოების უზრუნველყოფა
 

სათავგადასავლო აქტივობებს თან ახლავს მრავალი თანდაყოლილი საფრთხე და რისკი, როგორიცაა რთულ რელიეფზე გადაადგილება, შეხვედრა ველურ ბუნებაში მცხოვრებ ფაუნის წარმომადგენლებთან (დათვი, მგელი, მორიელი, ა.შ.),  სახიფათო ფლორასთან (შხამიანი, ალერგიული, ეკლიანი, რთულად გასავლელი მცენარეები და ა.შ), რთული მეტეოროლოგიური პირობები, ფიზიკური გადაღლა და ა.შ. სათავგადასავლო გამყოლები სწავლობენ ამ რისკების შეფასებისა და შემცირების მეთოდოლოგიას, გადიან სპეციალურ ტრენინგებს სხვადასხვა დისციპლინებში მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სათავგადასავლო გამყოლებმა იციან როგორ იმოქმედონ საგანგებო სიტუაციების დროს და შეუძლიათ პირველადი დახმარების გაწევა და სამაშველო ოპერაციის ჩატარება საჭიროების შემთხვევაში. გამყოლები ითვალისწინებენ შესაძლო რისკებს და ადგენენ უსაფრთხოების პროტოკოლებს დაგეგმვის ეტაპზევე, რაც ამცირებს თავგადასავლების დროს ავარიების ან დაზიანებების ალბათობას. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილი მოგზაური თავადაც შეიძლება ფლობდეს ზემოთ ჩამოთვლილ უნარ-ჩვევებს, მათი უმრავლესობა ირჩევს დაეყრდნოს ადგილობრივი პროფესიონალი გამყოლის ცოდნასა და გამოცდილებას და ამით მინიმუმამდე შეამციროს მოსალოდნელი რისკები.

საკითხი 2.2.2. კომფორტის უზრუნველყოფა
 

სათავგადასავლო მოგზაურობის დაგეგმვა მოიცავს უამრავ ლოჯისტიკურ ამოცანას - ტრანსპორტირებას, ღამისთევას, კვებას, აღჭურვილობის ორგანიზებას და მოვლას, სპეციალური საშვების ორგანიზებას და ა.შ. როდესაც ამ დეტალებზე სათავგადასავლო გამყოლები ზრუნავენ, სტუმრები თავისუფლები არიან მოგზაურობის ორგანიზების ტვირთისგან და მეტ სიამოვნებას ღებულობენ შემეცნებითი და სათავგადასავლო აქტივობებისგან.

 

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გამართულ ლოჯისტიკას რთულ და კომპლექსურ სათავგადასავლო ტურებზე, სადაც ღირებულებათა ჯაჭვს (ცხოვრება-ტრანსპორტი-კვება) ემატება საველე პირობების სირთულეები, სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები (საჭაპანე, ვერტმფრენი, თოვლის ტრაქტორები, მარხილები, ა.შ.), სპეციალური აღჭურვილობა, რომლის გამართულობაზე ხშირად ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული (მაგ. ზვავში საძიებო გადამცემები, ალპინისტური თოკი და ა.შ.).

 

დამატებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ სათავგადასავლო აქტივობები ხშირად მიმდინარეობს შორეულ, ცივილიზაციას მოწყვეტილ რეგიონებში, ადგილობრივი რესურსების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ ადგილობრივი გამყოლების მეშვეობით არის შესაძლებელი.

IMG_6176.JPG
საკითხი 2.2.3. მიზნის მიღწევაში დახმარება
 

ადამიანებს ამოძრავებთ „სპორტული ინტერესი“, სირთულეების დაძლევის ჟინი, ახლის აღმოჩენის სურვილი, პიროვნული გამოწვევების დაძლევის სურვილი და ა.შ. თავგადასავლების მაძიებლების სურვილების სია ძალიან გრძელი და მრავალფეროვანია. თუ თქვენ ამ კურსს ესწრებით, ეს ნიშნავს, რომ უკვე „მოწამლული“ ხართ თავგადასავლის ძიების ციებ-ცხელებით, რომელიც მიგვიძღვის მწვერვალებისკენ, მღვიმეებში, კანიონებში, უღელტეხილებზე თუ გაუკვალავი ფერდებისკენ.

თავგადასავლების მაძიებელი ადამიანების დიდი ნაწილი ირჩევს თავად გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობები - ასე იზრდებიან მოყვარული და პროფესიონალი ალპინისტები, ფრირაიდერები, მოლაშქრეები, კანიონერები, მყვინთავები, სპელეოლოგები, ველოექსტრემალები და აშ.

ამავდროულად, თავგადასავლების მოყვარულთა მეორე ჯგუფი ირჩევს პროფესიონალი გამყოლების მომსახურებას, რომლებიც მათ დაეხმარებიან მიზნის მიღწევაში. სათავგადასავლო ტურიზმის მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ საქმეში წარმატებული ადამიანები არიან. მათ პიროვნული გამოცდილებით იციან რა არის რისკი, გამბედაობა, საქმის პროფესიონალიზმი. შესაბამისად, ისინი ეძებენ თავისნაირ ადამიანებს სათავგადასავლო სფეროში - იმათ, ვისაც შეუძლია მიზნამდე უმოკლესი და ყველაზე უსაფრთხო გზა გაატარონ.

სწორად ასეთი ადამიანია სერტიფიცირებული სათვგადასავლო გამყოლი. გამყოლები სტუმრებს აწვდიან მითითებებს მარშრუტის შერჩევის, ტემპისა და ტექნიკის შესახებ, სთავაზობენ ღირებულ რჩევებს მათი გამოცდილების, ფიზიკური კონდიციის და ტექნიკური უნარების შეფასების საფუძველზე.

 

გამყოლები სტუმრებს უქმნიან ემოციურ სტაბილურობას და კომფორტის ზონას. ისინი ახალისებენ მათ რთული გამოწვევების დროს, ამშვიდებენ, სთავაზობენ მხარდაჭერას, განსაკუთრებით ფიზიკური და/ან გონებრივი დაღლილობის მომენტებში, რაც მონაწილეებს უბიძგებს განაგრძონ გზა, გადალახონ დაბრკოლებები, დაძლიონ დროებითი წარუმატებლობები და მიაღწიონ სასურველ მიზანს.

 

გამყოლი, როგორც ტურის უპირობო და აღიარებული ლიდერი ამცირებს და უადგილოს ხდის ჯგუფის ამბიციურ წევრებს შორის პირველობისთვის ბუნებრივ ბრძოლას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მიზნის მიღწევის შანსებს.

საკითხი 2.2.4. ახლის სწავლა და შემეცნება
 

სერტიფიცირებული სათავგადასავლო გამყოლი, საკვანძო მოვალეობების - უსაფრთხოების, კომფორტის და მიზნის მიღწევის უზრუნველყოფის გარდა ახლის სწავლის და შემეცნების წყაროც არის. გამყოლი ფლობს ინტერპრეტაციის კარგ უნარებს, აქვს შესწავლილი მისი პროფილური აქტივობის სპეციფიკა და ასევე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია ადგილობრივებისგან, რაც ენის თუ კულტურული ბარიერების გამო ხშირად სტუმრისთვის რთულია.

 

გამყოლი ასევე არის ველური ბუნების სამყაროს თარჯიმანი. მას შეუძლია გაუზიაროს სტუმარს უნიკალური ინფორმაცია ადგილობრივი ეკოსისტემის, გეოლოგიის,ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის შესახებ.

ეკოლოგიისა და ბუნებადაცვით ასპექტში გამყოლი ის ადამიანია, რომელსაც შეუძლია სწორი მითითებებითა და ინსტრუქტაჟით საგრნობლად შეამციროს ტურისტული ატქივობისას ადამიანის მიერ ბუნებაზე დამაზიანებელი ზეგავლენა. პასუხისმგებლიანი სტუმრებისთვის, რომლებიც უდავოდ ჭარბობენ ამ სახის ტურისტულ ინდუსტრიაში, do no harm (არ დააზიანო) მიდგომა უკიდურესად მნიშნველოვანია.

 

პასუხისმგებლიანი ტურისტებისთვის ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების მიმართ პატივისცემის და მოწიწების გამოხატვა. გათვითცნობიერებული გამყოლი არა მხოლოდ ისტორიული ფაქტების შესახებ აწვდის ინფორმაციას სტუმარს - ის მოქმედებს როგორც ადგილობრივი თემის დესპანი, კუტლურულ და სუბკულტურულ ეკოსისტემებს შორის თარჯიმანი.

 

გამოცდილი და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული სათავგადასავლო გამყოლები არ ჩერდებიან სტანდარტული, საკვანძო უნარების მიღწევის შემდეგ და მუდმივად აფართოვებენ ცოდნის დიაპაზონს და ხვეწენ ინტერპრეტაციის უნარებს, მათ შორის სხვადასხვა უცხო ენის შესწავლის გზით, ადგილობრივი კულტურის და ტრადიციების სიღრმისეულად შესწავლით. ასეთი გამყოლები შეუცვლელები ხდებიან.

 

გამყოლთან ერთად სიარული სათავგადასავლო აქტივობების ტექნიკური უნარების დახვეწის უნიკალური შესაძლებლობაა. სათავგადასავლო ტურზე გამყოლის მითითებების და რჩევების მოსმენით, მის ქმედებებზე, ლოგიკაზე, მსჯელობაზე დაკვირვებით, გაანალიზებით, გამყოლის მიერ ტექნიკური ილეთების შესრულების დამახსოვრებით სტუმარს აქვს შესაძლებლობა მუდმივად დახვეწოს საკუთარი სათავგადასავლო უნარები და გაამდიდროს ცოდნის და გამოცდილების კალათა.

საკითხი 2.2.5. კომპანიონობა
 

თანამედროვე თავგადასავლის მოყვარულს აქვს შესაძლებლობა მოგზაურობის მიმართულებისა და აქტივობის დეტალების შესახებ იყოს უაღრესად ინფორმირებული მოგზაურობის დაწყებამდე. მეტიც, თანდათანობით პოპულარობას იძენს ე.წ. ვირტუალური ტურიზმი, რომელიც სახლიდან გაუსვლელად აძლევს ადამიანს სხვადასხვა ქვეყნების საოცრებების მონახულების საშუალებას.

 

მაგრამ ეს ყველაფერი დადასტურებულად ვერ ანაცვლებს ადამიანის, როგორც სოციალური ფენომენის მოთხოვნას ურთიერთობა ქონდეს სხვა ადამიანებთან და ყავდეს თავგადასავლებით მიღებული აღტაცების გამზიარებელი კომპანიონი გვერდში. ხშირ შემთხვევაში, სტუმრისათვის გამყოლი ზუსტად ასეთ სოციალურ პარტნიორად და კომპანიონად გვევლინება. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, როდესაც ისინი მოგზაურობენ მარტო.

 

სათავგადასავლო ტურზე, განსაკუთრებით თუ ის ხანგრძლივია, გამყოლი სხვადასხვა როლით ემსახურება სტუმრებს - როგორც მენტორი და მასწავლებელი, როგორც მეგობარი და მესაიდუმლე, როგორც საყრდენი და გაჭირვების ტალკვესი. სტუმრებსა და გამყოლს შორის დამყარებული მეგობრობა სათავგადასავლო გამოცდილების მნიშვნელოვანი ასპექტია. გამყოლები ქმნიან მხარდამჭერ და ინკლუზიურ ატმოსფეროს, ხელს უწყობენ მონაწილეებს გაიზიარონ გამოცდილება და ერთად გადალახონ გამოწვევები.

 

კარგი გამყოლი ჯგუფის „სული და გულია“. ის ასრულებს უცხო ადამიანების შემაკავშირებელი ქსოვილის ფუნქციას. ის აყალიბებს ერთობას, ხელს უწყობს ჯგუფში მეგობრობის გაძლიერებას, საერთო მიზნების გამოკვეთას და მისკენ მსვლელობის წახალისებას. ასეთი ატმოსფერო არა მხოლოდ აძლიერებს თავგადასავლებით სიამოვნებას, არამედ ქმნის ხანგრძლივ მოგონებებსა და მეგობრობას, რომელიც გრძელდება მოგზაურობის მიღმა, ხშირად ათწლეულები.

თემატიკა 2.3: სათვგადაავლო ტურის ლიდერი - პერსონალის კომპეტენციები

საფრთხე:

ის, რასაც აქვს პოტენციალი მიაყენოს ზიანი ადამიანს; რისკი - პოტენციური საშიშროების რეალიზების ალბათობა, რასაც შეუძლია ადამიანისთვის ზიანის მიყენება

ამ თავში ჩვენ განვიხილავთ გამყოლის, როგორც სათავგადასავლო ტურის ლიდერის საკვანძო პერსონალურ კომპეტენციებს. ქვემოთ აღწერილი კომპეტენციების სია არასრულია და საერთო ყველა აქტივობისთვის. სპეციალიზაციის მიხედვით, პრაქტიკულ კურსებზე მსმენელი შეისწავლის კონკრეტული მიმართულების აქტივობებისთვის დამახასიათებელ სპეციფიურ კომპეტენციებს. ამავდროულად, საბაზისო კომპეტენციების ფლობა ქმნის იმ მინიმალურ სტანდარტს, რომლითაც იწყება სათავგადასავლო გამყოლის პროფესიონალიზმი.
საკითხი 2.3.1. გამყოლის, როგორც ლიდერის როლი
 

გამყოლის, როგორ სათავგადასავლო ტურზე კომპეტენციის მთავარი წყაროს და ლიდერის როლი, როგორც წესი, მოიცავს შემდეგი მოვალეობების განხორციელებას:

  • სტუმრის/სტუმრების დახმარება;

  • სტუმრის/სტუმრების ჯგუფის უსაფრთხოების მართვა და ზრუნვა სათავგადასავლო ტურზე რისკების მართვის საერთო პრინციპების და ტურის სპეციფიკის შესაბამისი უსაფრთხოების მართვის პროტოკოლების შესაბამისად; რისკების მართვასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებით, ინსტრუქტაჟით, ზედამხედველობითა და სწავლების ჩათვლით;

  • საგანგებო ვითარების პროცედურების პრაქტიკული გამოყენება;

  • ინფორმაციის გაზიარება და ინტერპრეტაცია

საკითხი 2.3.2. გამყოლის მიმართ არსებული მოლოდინები
  • შესაბამისობა: კანონებისა და სხვა ნორმატიული მოთხოვნების შესრულება, რომელიც მოიცავს ( მაგრამ არ შემოიფარგლება)  მონაწილეზე პასუხისმგებლობის აღებასა და იმ რეგიონის საკანონმდებლო მოთხოვნებთან თანხვედრას, სადაც მოქმედებებს ახორციელებს  სათავგადასავლო ტურისტული აქტივობის გამყოლი.

  • სტუმრის და/ან სტუმართა ჯგუფის ხელმძღვანელობა:

    • ტექნიკური უნარ-ჩვევების გამოყენებას სათავგადასავლო, ტურისტულ აქტივობამდე და მის განმავლობაში, რათა მიღებულ იქნას  გადაწყვეტილება პროგრამაში ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის: სიტუაციის გაანალიზებასა და აქტივობის შეწყვეტის ან შეცვლის საფრთხეების, რისკებისა და გაუთვალისწინებელი სიტუაციების გამო; სათანადო ზომების მიღებას გაუთვალისწინებელი გარემოებებისას; ბუნებრივი მოვლენების გამოყენებას, რომლებიც გამოსადეგია ამინდის პროგნოზირებისათვის; გადაწყვეტილებების მიღებას ამინდის ცვლილების, ადგილობრივი სამოქმედო ვითარების ან მონაწილეების გამო ალტერნატიულ მარშრუტებსა და აქტივობებთან დაკავშირებით

  • ჯგუფების უსაფრთხო ხელმძღვანელობისათვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას დაგეგმილი და დაუგეგმავი მარშრუტების დროს,  რომელიც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება): აქტივობების პროგრამათა წარდგენას და ფორმალური, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბრიფინგების ჩატარებას; ჯგუფის მონაწილეთა შორის ინტეგრაციის ორგანიზებას, კონტროლსა და ხელშეწყობას; პროგრამების შეცვლას ისე, რომ ისინი მოერგოს სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებებს; ადგილობრივი სპეციფიკური კულტურული გარემოს მოთხოვნებიდან გამომდინარე სტუმრებისთვის ადგილობრივ თემთან ურთიერთობის წესების გაცნობა და სტუმარსა და ადგილობრივებს შორის კონფლიქტების წარმოქმნისას შუამავლობის გაწევას; არახელსაყრელ და უჩვეულო სიტუაციებთან გამკლავებას პოტენციური მაღალი საფრთხის შემცველი რისკების გამოვლენას უწყვეტი შეფასების პირობებში.  აუცილებელ ტანსაცმელსა და აღჭურვილობას; მონაწილეთა კომპეტენციისა და სტრესის დონეების შეფასებას.

  • ტექნიკური შესაძლებლობები: სათავგადასავლო გამყოლის, როგორც სათავგადასავლო ტურის ლიდერის ტექნიკური შესაძლებლობები უნდა მოიცავდეს შემდეგს (მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს):

  • ტექნიკური უნარ-ჩვევების გამოყენებას, როგორიცაა ორიენტაცია და ნავიგაცია;

  • აღჭურვილობის გამოყენების შემოწმებას კარგი პრაქტიკისა და მწარმოებლის ინსტრუქციების შესაბამისად, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: აღჭურვილობის შენახვას გამოყენებისათვის მზა მდგომარეობაში; ცვეთისა და დეფექტის ნიშნების კონტროლს; მონაწილეთათვის რჩევის მიცემას აქტივობისათვის საჭირო პირადი ტანსაცმლისა თუ აღჭურვილობის მიზანშეწონილობასა და სწორი გამოყენების თაობაზე და აქტივობის განმავლობაში მონაწილეთა მონიტორინგს აღჭურვილობის სწორად გამოყენების უზრუნველსაყოფად; აღჭურვილობის ცოდნასა და მისი  შეკეთების ელემენტარულ უნარს.

  • მონაწილისათვის ინსტრუქციების მიცემას აქტივობის განსახორციელებლად საჭირო მინიმალურ პრაქტიკულ ტექნიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს, (მაგრამ არ შემოიფარგლება): აქტივობის განხორციელებასთან დაკავშირებული ინსტრუქციული ტექნიკის გამოყენებას; ინდივიდუალური კომპეტენციის განვითარებას; სწავლის სტიმულირებისათვის საჭირო გარემოს შექმნას; მონაწილეთათვის გასაგები ენის გამოყენებასა და გაგების შემოწმებას; სწორი და საკმარისი ინფორმაციის მიწოდებას; საგანგებო ვითარების პროცედურების დემონსტრირებას; ინფორმირებულობას სოციალურ და ეკოლოგიურ ზემოქმედებასთან დაკავშირებულ პროცედურებთან მიმართებით; აღჭურვილობის გამოყენების დემონსტრირებას.

  • რისკების მართვა: რისკების მართვასთან დაკავშირებით სათავგადასავლო გამყოლის, როგორც სათავგადასავლო ტურის ლიდერის როლი, როგორც წესი, მოიცავს უწყვეტი მონიტორინგისა და შეფასების საშუალებით მონაწილის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას და საჭიროების შემთხვევაში აქტივობის განმავლობაში სათანადო ქმედების განხორციელებას, რომელიც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება):

  • საფრთხეებისა და რისკების მართვას, რომლებიც მონაწილეთა ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებაზე მოახდენს გავლენას;

  • იმ ფაქტორთა შეფასებას, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყონ უბედურ შემთხვევებს;

  • ჯგუფის წევრთა შორის დადებითი ურთიერთობებისა და გუნდური მუშაობის ხელშეწყობას;

  • მონაწილეთა ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოების ხელშეწყობასა და მისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭებას;

  • ფიზიკური და გონებრივი დაღლილობისა და ემოციური სტრესის ნიშნების კონტროლს;

  • აქტივობისათვის შესაფერის ტანსაცმელსა და საკვებთან დაკავშირებით რეკომენდაციების მიცემას და საგანგებო ვითარებისათვის საჭირო მარაგის უზრუნველყოფას.

  • იმის გარანტირებას, რომ მონაწილეებმა კარგად გააცნობიერეს და ინფორმირებულები არიან საგანგებო ვითარებისას მისაღებ ზომებთან დაკავშირებით;

  • სათანადო და არასათანადო ქცევებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას;

  • ჩარევას არასათანადო ქცევის აღმოჩენისას;

  • გაუმართლებელი რისკის არიდებას საკუთარი თავისა და სხვა მონაწილეებისთვის;

  • იმის უზრუნველყოფას, რომ აქტივობა მიჰყვება ორგანიზაციის ტექნიკურ პროცედურებს.

 

  • რეაგირება ინციდენტებსა და საგანგებო ვითარებაზე: სათავგადასავლო გამყოლის, როგორც სათავგადასავლო ტურის ლიდერის როლი ინციდენტებსა და საგანგებო ვითარებაზე რეაგირებაში, როგორც წესი, გულისხმობს:

    1. საგანგებო სიტუაციების მართვას, რომელიც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება):

  • საგანგებო სიტუაციების შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში ევაკუაციისა და სამაშველო ღონისძიებების ორგანიზებას;

  • ჯგუფების კონტროლს;

  • საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული სერვისებით, რესურსებითა და სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფას;

  • რთულ სიტუაციებში მონაწილეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფას ზიანის პრევენციის ან მისი მინიმუმამდე დაყვანის მიზნით;

  • საგანგებო ვითარებისათვის საჭირო მარაგის ნუსხის ორგანიზებას;

    1. პირველადი დახმარების გამოყენებას, რომელიც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება):

  • პირველადი დახმარების გამოყენებას მათი გამოცდილებისა და სწავლების ფარგლებში;

  • პირველადი დახმარების გამოყენებას თითოეული სიტუაციისათვის ადეკვატურად კანონის მიხედვით.

 

  • პროფესიული და ეთიკური ქცევები: სათავგადასავლო გამყოლის, როგორიც სათავგადასავლო ტურის ლიდერის მიერ პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვა და ერთგულება, როგორც წესი, გულისხმობს:

  1. სათავგადასავლო, ტურისტული აქტივობებიდან მომდინარე გარემოს და სოციალური ზემოქმედების პრევენციას ან მინიმუმადე დაყვანას, რომელიც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება):

  • მინიმალური ნეგატიური ზეგავლენის გამოცდილების გამოყენებას;

  • ჯგუფის გათვითცნობიერებასა და ორიენტირებას გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და ადგილობრივი საზოგადოების პატივისცემასთან დაკავშირებით;

  • ჯგუფის ქმედებებში ჩარევას, როდესაც ის მიიჩნევა გარემოს ან ადგილობრივი საზოგადოებისათვის საზიანოდ;

  • გარემოს დაცვის პრაქტიკის ხელშეწყობას ტურისტული აქტივობის განმავლობაში;

  • მუშაობის ან აქტივობის გეოგრაფიული არეალის სტუმრობის წესების პატივისცემასა და გათვალისწინებას;

  • მუშაობის გაწევას მონაწილეთა კმაყოფილების უზრუნველსაყოფად, რომელიც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) მონაწილეთა ინფორმირებულობას აქტივობის ზოგად მახასიათებლებთან დაკავშირებით მის დაწყებამდე;

  • მონაწილეთა მუდმივ მოტივირებულობას და პროგრამით დაინტერესებას;

  • სპეციფიკურ ასპექტებთან დაკავშირებით მონაწილეთა მუდმივ ინფორმირებულობას აქტივობის განვითარების განმავლობაში;

  • ინდივიდუალური საჭიროებების ცოდნასა და შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფას;

  • უკმაყოფილების მიზეზებისა და რჩევების მიღებასა და სათანადოდ რეაგირებას;

  • პრობლემების გადაჭრასა და განსხვავებულ ინტერესთა შორის კონსენსუსის მიღწევას.

 

b) პერსონალურ წარდგინებასა და საკუთარ პროფესიონალურ ქცევებზე ყურადღების გამახვილებას, რომელიც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება):

  • ჰიგიენაზე, გარეგნობაზე, ფიზიკურ მდგომარეობასა და მზადყოფნაზე ზრუნვას;

  • ლიმიტების დაწესებას იმისათვის, რომ აქტივობის განმავლობაში განვითარდეს ეფექტური, პროფესიული ურთიერთობა მონაწილეებთან და მოხდეს შეუსაბამო ქცევების თავის არიდება.

  • უხერხულ სიტუაციებთან გამკლავებას;

  • სათანადო ენისა და ქცევების გამოყენებას;

  • მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების შენარჩუნებას.

საკითხი 2.3.3. სასურველი კომპეტენციები
 
ცოდნა; სათავგადასავლო ტურისტული აქტივობის ლიდერს უნდა ჰქონდეს შემდეგი სახის ცოდნა:
  • ამინდის ნიშნების, ატმოსფეროს ან გარემოს პირობების ამოცნობა, წაკითხვა და ინტერპრეტაცია;

  • საჭიროების შემთხვევაში ნავიგაციისა და ორიენტაციის ტექნიკის გამოყენება (როგორიცაა ტოპოგრაფიული რუკების ძირითადი ინტერპრეტაცია, რუკების წარწერები და სიმბოლიზმი, მასშტაბი, დიაგრამა, კომპასის გამოყენება და ბუნების ნიშნების მეშვეობით ადგილმდებარეობის განსაზღვრა);

  • ჯგუფის მართვის, ინტეგრაციისა და კონფლიქტების მოგვარების სტრატეგია და მეთოდები;

  • კომუნიკაციისა და სწავლების სტრატეგიები;

  • სათავგადასავლო ტურისტული აქტივობის უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები;

  • ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ უბედური შემთხვევების ჩამოყალიბებას;

  • გარემოსთან დაკავშირებული ზოგადი საფრთხეები და რისკები;

  • ზოგადი საგანგებო სიტუაციები და პროცედურები;

  • პირველადი დახმარების პროცედურები;

  • გარემოსდაცვითი პრინციპები და კანონმდებლობა;

  • ინფორმაცია კონკრეტულ სათავგადასავლო ტურისტული აქტივობის ლოკაციასთან დაკავშირებული გარემოსა და ადგილობრივი საზოგადოების შესახებ;

  • გარემოზე უარყოფითი გავლენის მინიმალიზაციის მეთოდები;

  • განათლებისა და სოციალური უნარ-ჩვევების ძირითადი წესები და ზრუნვა პირად ჰიგიენაზე;

  • სამართლებრივი და კანონით დადგენილი მოთხოვნები.

 

უნარ-ჩვევები:
სათავგადასავლო ტურისტული აქტივობის ლიდერს უნდა ჰქონდეს შემდეგი უნარ-ჩვევები:
  • იყოს ექსპრესიული ზეპირ კომუნიკაციაში, ანუ მონაწილეები დააინტერესოს აქტივობით და გახადოს მოტივირებული;

  • შეეძლოს მონაწილის ენაზე ან მონაწილესთან შეთანხმებულ ენაზე გასცეს და მიიღოს ინფორმაცია;

  • განახორციელოს ინსტრუქტაჟი ნათლად და მკაფიოდ, რათა უზრუნველყოს საჭირო მეთოდების კარგად გაგება;

  • ჰქონდეს ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობა და უნარი, რომ დაასრულოს დაგეგმილი აქტივობა;

  • გამოიყენოს ლიდერისთვის დამახასიათებელი შესაფერისი თვისებები, რათა სხვებს გაუძღვეს უსაფრთხოდ კონკრეტული სათავგადასავლო ტურისტული აქტივობისას;

  • ჰქონდეს ვერბალური, ლოგიკური აზროვნების უნარი, რომელიც საჭიროა თანმიმდევრული ნაბიჯებით პროცედურის ვერბალურად აღსაწერად;

  • გადაწყვეტილების მიღების უნარი (მაგ., საგანგებო ვითარებისას);

  • დაგეგმვის უნარი მაგ., კონკრეტული მიზნის მისაღწევად შეადგინოს ეტაპების ლოგიკური თანმიმდევრობა;

  • პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის ცოდნა;

  • საგანგებო აღჭურვილობის გამოყენების უნარი საკომუნიკაციო საშუალებების ჩათვლით.

 

დამოკიდებულებები და თვისებები:
სათავგადასავლო ტურისტული აქტივობის ლიდერს უნდა გააჩნდეს (მაგრამ არ უნდა შემოიფარგლებოდეს) შემდეგი დამოკიდებულებები და თვისებები:
  • იყოს დამაჯერებელი, რათა საჭიროების შემთხვევაში დაარწმუნოს ადამიანები;

  • დაამყაროს და შეინარჩუნოს კონტროლი ხელმძღვანელობის, ორგანიზებისა და ხალხის ზედამხედველობისას;

  • შეეძლოს ადამიანების ნდობის მოპოვება, ე.ი. ადვილად დაამყაროს ურთიერთობები, იცოდეს, როგორ იმოქმედოს და რა თქვას, რათა ადამიანებს კომფორტულად აგრძნობინოს თავი და მოახდინოს წამახალისებელი და მხარდამჭერი ქცევის დემონსტრირება;

  • შეეძლოს მოსმენა, ე.ი. გადაწყვეტილებების მიღებისას წაახალისოს ადამიანები, რათა გამოხატონ თავისი შეხედულებები, იკითხოს რჩევები, მოისმინოს და გაითვალისწინოს მათი მოსაზრებები;

  • იყოს შემწყნარებელი და ტოლერანტული, ე.ი. იცოდეს, როგორ გაუმკლავდეს აზრთა სხვადასხვაობას, რათა აჩვენოს საქმისადმი თავდადება;

  • შეეძლოს გეგმების შედგენა (მოკლე ვადებში), ე.ი. პროგრამის შედგენა წინასწარ, მიზნების შეფასება, ტენდენციების შემუშავება და პროექტების განხორციელება;

  • იყოს ოპტიმისტი, ე.ი. ჰქონდეს დადებითი ხედვა გაუთვალისწინებელი მოვლენების მიმართ;

  • იყოს მოხერხებული, ე.ი. იოლად მოერგოს სხვადასხვა სიტუაციას;

  • იყოს გამჭრიახი, ე.ი. იცოდეს და შეეძლოს სიტუაციების გაგება, აღქმა და ქცევების ანალიზი, (მაგ., სხეულის ენის).

საკითხი 2.3.4. კომპეტენციის შენარჩუნება და გაუმჯობესება

მიმდინარე პროფესიული განვითრება: სათავგადასავლო ტურისტული აქტივობის ლიდერებმა უნდა უზრუნველყონ მიმდინარე პროფესიული განვითარება. მიმდინარე პროფესიულ განვითარებას კავშირი აქვს კომპეტენციათა შენარჩუნებასა და განვითარებასთან. ეს შეიძლება მიღწეულ იქნას დამატებითი პროფესიული გამოცდილების, კერძო სწავლების, ორიენტირებული სწავლების, შეხვედრებში მონაწილეობის, ლექციების, სემინარების, გადასამზადებელი კურსების, კონფერენციებისა და სხვა შესაბამისი აქტივობების საშუალებით. მიმდინარე პროფესიული განვითარების აქტივობებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ცვლილებები:

  • ინდივიდუალთა საჭიროებებში;

  • ორგანიზაციათა საჭიროებებში;

  • სათავგადასავლო ტურისტულ აქტივობათა ტექნიკაში, ტექნოლოგიებში, აღჭურვილობასა და პრაქტიკაში;

  • მონაწილესთან ურთიერთობის პრაქტიკაში;

  • წესებსა და კანონმდებლობაში.

 

კომპეტენციის შენარჩუნება

ლიდერებმა უნდა შეინარჩუნონ და წარმოაჩინონ მიღებული ხარისხის სტანდარტის დამაკმაყოფილებელი კომპეტენციები სათავგადასავლო ტურისტულ აქტივობებში მონაწილეობის მეშვეობით (მაგ., წერილობითი ჩანაწერების საშუალებით) და ფლობდნენ ლიცენზიებსა და ტიტულებს, რომლებიც პასუხობენ უახლეს მოთხოვნებს.

თემატიკა 2.4: სათავგდასავლო ტურის ლიდერი - პიროვნული მახასიათებლები (ტრანსფერული უნარები)

ძირითადი გზავნილი: 

შემეცნება ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი უნარია. ეს არის კითხვების დასმის, ვარაუდების იდენტიფიცირებისა და ფაქტების შეფასების მუდმივი შესაძლებლობა, რაც საშუალებას გვაძლევს გავაფართოვოთ ჩვენი შეხედულება და გავიგოთ, რომ იმის მიღმა, რაც აშკარად არის მიჩნეული

კომუნიკაციის უნარები ფუნდამენტურია ადამიანის განვითარების სხვადასხვა ძირითადი ასპექტების რეალიზაციისთვის, როგორიცაა სწავლა, სოციალური ინკლუზია და კეთილდღეობა.
საკითხი 2.4.1. კომუნიკაციური (მშობლიური და უცხო ენა) უნარი
 

კომუნიკაცია შეიძლება განისაზღვროს, როგორც ინფორმაციის გაცვლისა და საერთო გაგების გზით მნიშვნელობის გაზიარების უნარი, რაც ყველა სხვა უნარების გასაღებია. კომუნიკაცია, რომელიც მოიცავს სიტყვიერ, არავერბალურ ან წერილობით გაცვლას ორ ან მეტ ინდივიდს შორის, შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ენებისა და მედიის საშუალებით. კომუნიკაციის უნარები ფუნდამენტურია ადამიანის განვითარების სხვადასხვა ძირითადი ასპექტების რეალიზაციისთვის, როგორიცაა სწავლა, სოციალური ინკლუზია და კეთილდღეობა.

მისი ვარჯიში და განვითარება ხდება მთელი ცხოვრების განმავლობაში, მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ადეკვატური გარემო და ადრეული აფექტური ურთიერთქმედება აუცილებელია კომუნიკაციის განსავითარებლად მის სხვადასხვა ფორმებსა და ენებზე. ცოდნის საზოგადოება და ხელშეწყობა ხდება ინტერაქტიული სწავლებისა და სწავლის მეთოდოლოგიების მეშვეობით, რაც ხელს უწყობს გამოხატვის თავისუფლებისა და მრავალფეროვნების პატივისცემის კონტექსტში აქტიურ მონაწილეობას.

 

საკითხი 2.4.2. შემეცნებითი (ანალიზი, სინთეზი, პრობლემის გადაჭრა) უნარი
 

კომუნიკაცია შეიძლება განისაზღვროს, როგორც ინფორმაციის გაცვლისა და საერთო გაგების გზით მნიშვნელობის გაზიარების უნარი, რაც ყველა სხვა უნარების გასაღებია. კომუნიკაცია, რომელიც მოიცავს სიტყვიერ, არავერბალურ ან წერილობით გაცვლას ორ ან მეტ ინდივიდს შორის, შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ენებისა და მედიის საშუალებით. კომუნიკაციის უნარები ფუნდამენტურია ადამიანის განვითარების სხვადასხვა ძირითადი ასპექტების რეალიზაციისთვის, როგორიცაა სწავლა, სოციალური ინკლუზია და კეთილდღეობა.

მისი ვარჯიში და განვითარება ხდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ადეკვატური გარემო და ადრეული აფექტური ურთიერთქმედება აუცილებელია კომუნიკაციის განსავითარებლად მის სხვადასხვა ფორმებსა და ენებზე. ცოდნის ხელშეწყობა ხდება ინტერაქტიული სწავლებისა და სწავლის მეთოდოლოგიების მეშვეობით, რაც ხელს უწყობს გამოხატვის თავისუფლებისა და მრავალფეროვნების პატივისცემის კონტექსტში აქტიურ მონაწილეობას.

საკითხი 2.4.3. საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი
 

საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება  შესაძლებლობას აძლევს მასწავლებლებს, სწავლების სხვადასხვა მეთოდებთან ტექნოლოგიების ინტეგრირებით  უფრო მეტ შედეგს მიაღწიონ. საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა სწავლებაში მასწავლებელს საშუალებას აძლევს თვისებრივად შეცვალოს სწავლების შინაარსი, მეთოდები და ორგანიზაციული ფორმები, განახორციელოს სწავლებისადმი შემოქმედებითი მიდგომები, მოახდინოს სასწავლო პროცესის ჰუმანიზება და ინდივიდუალიზაცია.

vlcsnap-2024-08-27-14h30m58s660.png
საკითხი 2.4.4. ჯგუფური მუშაობის უნარი

ჯგუფური მუშაობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია, რომლის განვითარებაც მოსწავლეებში ეფექტიან დაგეგმვასა და მუშაობის წარმართვას მოითხოვს მასწავლებლის მხრიდან. ჯგუფში მუშაობის უნარი შეიძლება კომპეტენციადაც ჩაითვალოს. დღევანდელ ყოველდღიურობაში სხვადასხვა ტიპის ადამიანები ცდილობენ ერთი მიზნის მიღწევას და ამას ვერ მოახერხებენ, თუ რომელიმე მათგანი მხოლოდ თავის თავზეა ორიენტირებული. ჯგუფში მუშაობა გვთავაზობს საკითხის სხვადასხვაგვარ ხედვასა და განსხვავებულ არგუმენტებს. ამგვარად აფართოვებს თვალსაწიერს.

საკითხი 2.4.5. კონკრეტულ გარემოსა და სიტუაციასთან ადაპტირების უნარი
 

ადაპტაციის უნარები გამოიყენება მიზნების მისაღწევად მუშაობის გასაგრძელებლად მაშინაც კი, როდესაც იცვლება გუნდები, პროექტები, მენეჯმენტი ან პროდუქტები. დამსაქმებლები ქირაობენ მოქნილ კანდიდატებს, რომლებსაც შეუძლიათ სწრაფად ისწავლონ ახალი უნარები და პროცესები, რათა უზრუნველყონ სამუშაოს სწრაფად, ეფექტურად და პოზიტიური განწყობით შესრულება.

საკითხი 2.4.6. ტექნოლოგიური მოწყობილობების მართვისა და გამოყენების უნარი
 

ციფრული კომპეტენცია გულისხმობს ციფრული ტექნოლოგიების თავდაჯერებულ, კრიტიკულ და პასუხისმგებლობით გამოყენებას და მათ ჩართვას სწავლებაში, სამსახურში და საზოგადოებაში. ის ასევე მოიცავს ინფორმაციისა და მონაცემთა წიგნიერებას, კომუნიკაციას და თანამშრომლობას, მედია წიგნიერებას, ციფრული კონტენტის შექმნას (პროგრამირების ჩათვლით), უსაფრთხოებას (ციფრული კეთილდღეობისა და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული კომპეტენციების ჩათვლით), ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ კითხვებს, პრობლემის გადაჭრას და კრიტიკულ აზროვნებას.

საკითხი 2.4.7. დროითი და მატერიალური რესურსების, ინფორმაციის ადეკვატური გამოყენების უნარი
 

ორგანიზაციული უნარები აუცილებელია წესრიგის, ეფექტურობისა და პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად როგორც პროფესიულ, ისე პირად გარემოში. ძლიერი ორგანიზაციული უნარების მქონე პირებს შეუძლიათ ეფექტურად მართონ ინფორმაცია, რესურსები და ამოცანები, მინიმუმამდე დაიყვანონ არეულობა, დაბნეულობა და დაგვიანება. ინფორმაციის პრიორიტეტების, კატეგორიზაციისა და შენახვის სისტემების შექმნით, მათ შეუძლიათ სამუშაო ნაკადების გამარტივება, რესურსების გამოყენების ოპტიმიზაცია და ვადების თანმიმდევრულად დაცვა.

bottom of page